წყალბურთი

 2018/30/05 21:45

წყალბურთი
მიშა ბაღათურია: წყალბურთის განვითარებისთვის, პირველ რიგში, უკეთესი ინფრასტრუქტურაა საჭირო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი წყალბურთში. ფინალურ დაპირისპირებაში თბილისური დუელი შედგა, რომელშიც ლოკომოტივმა დინამო დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამასთან, წელს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, ზედიზედ მესამედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ჩემპიონატი ივლისში, ესპანეთში გაიმართება და რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი, ე.წ. „სიკვდილის ჯგუფში", გერმანიის, უნგრეთისა და იტალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად იასპარეზებს. 

sport24 საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის დინამოს წყალბურთელს, მიშა ბაღათურიას დაუკავშირდა და მას განვლილი სეზონისა და მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის შესახებ ესაუბრა.

 

ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი წყალბურთში, რომელშიც თბილისის დინამომ მეორე ადგილი დაიკავა. რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგით და როგორ შეაფასებთ განვლილ სეზონს?

– რა თქმა უნდა, განვლილი სეზონით არ ვართ კმაყოფილები. ჩვენი გუნდის მიზანი ჩემპიონობა  იყო და მხოლოდ პირველი ადგილი დაგვაკმაყოფილებდა. თუმცა, სპორტია, ყველაფერი ხდება. მომავალ სეზონში აუცილებლად ვეცდებით, წლევანდელი შედეგის გაუმჯობესებას.

 თბილისის დინამო ახლად აღდგენილი კლუბია და  თავიდან იწყებს გუნდი ყველაფერს. ამის გათვალისწინებით, მიგაჩნიათ, რომ დაკავებული მეორე ადგილი მაინც დამაკმაყოფილებელია?

– ახალი აღდგენილი კლუბია და თავიდან, რა თქმა უნდა, რთულია წარმატების მიღწევა. თუმცა, ჩვენ პირველივე წელს მოვახერხეთ ჩემპიონობის მოპოვება და მიმდინარე მთელი სეზონიც ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა, გადამწყვეტ შეხვედრაში დავმარცხდით. 

 წლევანდელი ჩემპიონატი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. როგორ ფიქრობთ, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია თუ არა ჩემპიონატის დონე?

– წინა წლებთან შედარებით, ჩემპიონატის დონე საკმაოდ გაზრდილია. ჩემი აზრით, ეს დინამოს გამოჩენამაც განაპირობა. გაიზარდა კონკურენცია, ჩემპიონატის ფორმატიც შეიცვალა და გულშემატკივრისთვის უფრო საინტერესო სახე მიიღო ტურნირმა.

 როგორ უნდა მოხვდნენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე და რა არის ამისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი?

– ჩვენი ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით, ორ მოწინავე გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში, თუმცა, ამისთვის, ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო. ამასთან, გუნდებს აუცილებლად სჭირდებათ გაძლიერება. ამ შემადგენლობით შედეგის მიღწევა ძალიან რთული იქნება.

  საქართველოს ნაკრები ზედიზედ მესამედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. როგორ მიდის ნაკრების მოსამზადებელი პროცესი და რა იქნება აღნიშნულ ტურნირზე ჩვენი გუნდის მიზანი?

 ერთ კვირაში დაიწყება გუნდის შეკრება. თავდაპირველად, თბილისში ვივარჯიშებთ. მერე სლოვაკეთსა და ლატვიაში გავემგზავრებით. ბოლოს კი, ამხანაგური ტურნირი „თბილისის თასი" გვექნება და შემდეგ უკვე, გავემგზავრებით ბარსელონაში.

რაც შეეხება მიზანს. ე.წ. „სიკვდილის ჯგუფში“  გვიწევს თამაში, იტალიის, უნგრეთისა და გერმანიის წინააღმდეგ. მაგრამ  წინა ჩემპიონატებზე დაგვიგროვდა მცირე გამოცდილება და შევეცდებით, დაფიქსირებული შედეგის გაუმჯობესებას.

 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რევაზ ჩომახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები აღარ აკეთებს აქცენტს ნატურალიზებულ მოთამაშეებზე და მათ ნაცვლად, მთავარ გუნდში, ახალგაზრდა მოთამაშეები დაწინაურდნენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად არიან ისინი ასეთ დონეზე სათამაშოდ?

–  რეზოს გადაწყვეტილებით ეროვნულ ნაკრებში ლეგიონერთა რაოდენობა მცირდება. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მხოლოდ მარკო ელაჩა იქნება გამოძახებული.  რაც შეეხება ახალგაზრდებს, ვფიქრობ, მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება და მომზადების დონე. დანარჩენი უკვე უშუალოდ თამაშებზე გამოჩნდება.

 რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ქართული წყალბურთი და რა სჭირდება მას განვითარებისთვის?

– პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პრობლემებია. მეტი საცურაო აუზი უნდა გაიხსნას რეგიონებში. ასევე, დღესდღეობით, ფინანსების გარეშე ძალიან რთულია, რაიმე სახის წარმატებაზე ფიქრი.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები