ლეგიონერები

 2018/14/07 00:07

ლეგიონერები
ლუკა გუგეშაშვილი: ვეცდები, ეს ტრამპლინი წარმატებით გამოვიყენო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ლუკა გუგეშაშვილი ახალი სეზონიდან იაგელონიას მთავარ გუნდში ითამაშებს. ქართველი კიპერი, 2016 წლის ზამთარში, თბილისის დინამოდან გადავიდა პოლონურ კლუბში, თუმცა, თავდაპირველად, ძირითადად, ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. გასული სეზონი კი, გუგეშაშვილმა, იჯარის წესით, დაბალი ლიგის პოდლაზიეში გაატარა, სადაც 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაუშვა.  

სეზონის დასრულების შემდეგ, იაგელონიამ ახალგაზრდა კიპერი დაიბრუნა და მთავარ გუნდშიც გადაიყვანა. როგორც ჩანს, პოლონურ კლუბში ჩვენებურზე დიდ იმედებს ამყარებენ. ის იაგელონიაში 66-ე ნომრით იასპარეზებს.

Sport24 ლუკას პოლონეთში დაუკავშირდა  და მას კარიერასა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

 

  ლუკა, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ  იაგელონიას ძირითად გუნდში დაწინაურებას. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, მომავალ სეზონში ექსტრაკლასაში გუნდის განაცხადში გიხილოთ? 

  დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ექსტრაკლასა საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია და  კარიერული თვალსაზრისით, იქ თამაში  ძალიან დიდ გამოცდილებას მომცემს. ვიქნები თუ არა გუნდის განაცხადში, ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ მე ყველაფერს ვაკეთებ, ამისთვის. მწვრთნელებიც კმაყოფილები არიან და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ მომავალი სეზონი  ექსტრაკლასაში  გუნდის განაცხადში  მოვხვდე. 

 წინა სეზონი, არენდის წესით, დაბალი ლიგის გუნდ პოდლეზიეში გაატარეთ. როგორ შეაფსებთ  ამ პერიოდს? 

  6 თვის განმავლობაში, განათხოვრებული ვიყავი  ჩემთვის არცთუ სასურველ ლიგაში. მაგრამ ეს გუნდის ბრალი არ ყოფილა. როდესაც პოლონეთში დაბალი დივიზიონის გუნდში ნათხოვრდები, მხოლოდ ერთ არაევროკავშირელს შეუძლია მასში თამაში და მოგეხსენებათ, ყველა გუნდი თავდამსხმელზე და შემტევზე უფრო აკეთებს არჩევანს, ვიდრე მეკარეზე. სწორედ, ამ მიზეზით, თავიდან არ მომიწია გუნდში თამაში, მაგრამ შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალგაზრდული ნაკრების განაცხადში შემიყვანა და ამით პრობლემა, გარკვეულწილად, მოგვარდა. პოდლეზიეშიც ჩავატარე საკმაო რაოდენობის მატჩები და ამიერიდან, მსგავსი სახის პრობლემები აღარ შემექმნება.

 იაგელონიაში თქვენთან ერთად, მეორე ქართველი, ლუკა ასათიანი თამაშობს. მის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ გუნდში და შესაძლოა თუ არა, ისიც ვიხილოთ ახალ სეზონში ძირითადი გუნდის განაცხადში?

 ჩემსავით, ლუკაც ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მომავალი სეზონისთვის ემზადება. საბედნიეროდ, ტრავმა არ აწუხებს. ნამდვილად, არ არის გამორიცხული ორივე მოვხვდეთ გუნდის განაცხადში.

 ლუკა, პოლონეთის ჩემპიონატი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ერთგვარი ტრამპლინია. თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი. ხომ არის სხვა გუნდებიდან შემოთავაზება? 

– აბსოლუტურად გეთანხმებით. პოლონეთის ჩემპიონატი ფეხბურთელების მიმწოდებელია, ევროპის წამყვან საკლუბო ჩემპიონატებში. ის ერთგვარი ტრამპლინია. მეც შევეცდები, ეს ტრამპლინი წარმატებისთვის გამოვიყენო და უფრო მაღალი კლასის გუნდშიც ვითამაშო. ჩემი ბავშვობის ოცნება დორტმუნდის ბორუსიაში თამაშია. 

 

 

 

 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები