ძალოსნობა

 2018/15/11 00:40

ძალოსნობა
ლაშა ტალახაძე: ჩემი მიზანი ოლიმპიური თამაშების, მინიმუმ, სამჯერ მოგებაა!
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი საქართველოდან...

2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი – ეს ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიღწევათა არასრული ჩამონათვალია.

რამდენიმე დღის წინ, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში დასრულებულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, +109 კგ წონით კატეგორიაში, 25 წლის ქართველმა სპორტსმენმა 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ორჭიდის ჯამში, 474 კილოგრამი დაძლია და ზედიზედ მესამედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. 

sport24 ლაშას დაუკავშირდა და აღნიშნული ტურნირისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. 

– გილოცავთ, ზედიზედ მესამედ მოპოვებულ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. თქვენგან სხვა შედეგს არც ველოდით. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ ტურნირს? 

 უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ  უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ტურნირი იყო. ძალიან კარგად უმასპინძლა აშხაბადმა. პირველად ვნახე ასე კარგად მოწყობილი ოლიმპიური სოფელი, რომელშიც ყველაფერი იდეალურად იყო, ისე, რომ სპორტსმენს საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოეყენებინა. ჩემი თურქმენეთში ჩასვლის ერთადერთი მიზანი ოქროს მედლის მოპოვება იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ზედიზედ მესამედ შევძელი ამის გაკეთება, მაგრამ მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები და არ ვაპირებ გაჩერებას. 

– გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებთ? ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ბიჭებმა კარგი შედეგი დააფიქსირეს. 

– მოგეხსენებათ, აშხაბადში სრული შემადგენლობით არ ვიყავით წარმოდგენილი. რამდენიმე სპორტსმენს ტრავმა აწუხებდა და კიდევ იყო რაღაც მიზეზები, მაგრამ მომავალ წელს უკვე ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირები იწყება და იქ, უკვე, სრული გუნდით ვიასპარეზებთ. 

ძალიან რთული ბრძოლა ჰქონდა რეზი დავითაძეს. 19  წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინაჯოს მედალი უდიდესი წარმატებაა. ამასთან, მან წელს სამი ურთულესი საერთაშორისო ტურნირი მოიარა და ამის მიუხედავად, ფსიქოლოგიურად არ გატყდა, საკუთარ თავს აჯობა და ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა. ასევე, ირაკლი თურმანიძე, ძმები ჩხეიძეები, შოთა მიშველიძე, რომელიც ტრავმით ასპარეზობდა და მაინც მეხუთე ადგილზე გავიდა. 

– მსოფლიო ჩემპიონატზე თქვენგან მხოლოდ ოქროს მედლის მოლოდინი იყო და სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაითვლებოდა. ეს გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხი ხომ არ იყო თქვენთვის, თუ პირიქით, მეტ მოტივაციას გძენდათ? 

– რაც უფრო დიდი დრო გადის და რაც მეტ ტურნირს ვიგებ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მეკისრება და ვხვდები, ერთი პატარა ელემენტარული შეცდომის უფლებაც არ მაქვს. ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ უფლის წყალობით, ყველაფერს ვლახავ. განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია სპორტში. 

– ამდენი წარმატების შემდეგ,  ფაქტობრივად, ყველა რეკორდი მოხსენით. ჩნდება კითხვა, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა გააკეთოს, როგორი მიზნები გაქვთ სამომავლოდ? 

– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, საკმაოდ შორს ვიყურები. მინიმუმ, 8-10 წელი კიდევ ვაპირებ სპორტში აქტიურად მოღვაწეობას და რა თქმა უნდა, კიდევ მსურს ტურნირების მოგება. მთავარი სურვილი და მიზანი კი – ძალიან მინდა, სამ ოლიმპიადაზე მივიღო მონაწილოება და მინიმუმ, სამჯერ გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი. 

– მაშინ, როდესაც ჩემპიონობა უკვე გარანტირებული გქონდათ, გუნდის მთავარ მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს უთხარით, 300 კგ-საც ავწევო, თუმცა, როგორც ჩანს, მთავარმა მწვრთნელმა არ გარისკა და უფრო პრაგმატულად მიუდგა საქმეს. საჭიროების შემთხვევაში, შეგეძლოთ  უკეთესი შედეგის დაფიქსირება? 

– რა თქმა უნდა, მეტისთვის ვიყავი მზად. ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში შევხვდი მსოფლიო ჩემპიონატს. თამამად შემეძლო, გაცილებით მაღალ წონაზე მივსულუყავი და ამეწია, მაგრამ მწვრთნელების გადაწყვეტილებით, 257 კგ იყო მესამე წონა, რაც არამარტო ჩემს წონით კატეგორიაში, არამედ, მთელი შეჯიბრების გამოთვლებითაც (სინკლერი ჰქვია – გამოთვლებია, რომლითაც ყველა დაბალ წონასთან გიწევს ჭიდილი) მოვიპოვე გამარჯვება, რაზეც შეჯიბრების ბოლოს, ცალკე დაგვაჯილდოვეს. ამრიგად, თუ დამჭირდებოდა, მივიდოდი და ისეთ შედეგს დავაფიქსირებდი, რაც, ჯერჯერობით, არასდროს აუწევიათ ძალოსნებს. 

 მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ტოკიოს ოლიმპიადაა და ალბათ, მეორე ოლიმპიურ ოქროსაც გეგმავთ. 

 ჯერ, მთავარია, ტოკიოში წასასვლელად ლიცენზიის მოპოვება. წინა წლებთან შედარებით, გართულებულია ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის აღება, მაგრამ მე ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულები მაქვს და პრაქტიკულად, გარანტირებული მაქვს ტოიოს საგზური. ტოკიოში მთავარი მიზანი ჩემპიონობაა და თუ შესაძლებლობა მომეცემა, მსურს,  ჩემპიონობა ახალი რეკორდებით გავალამაზო. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები