ლეგიონერები

 2018/26/05 18:23

ლეგიონერები
ვილი ისიანი: ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ მზად ვარ
ავტორი
თამარ ლამპარაძე

ქართველი  კალათბურთელი  ვილი ისიანი  ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა. ვილი ლოს ანჯელესში, ერთ-ერთ საკალათბურთო  მოსამზადებელ სკოლაში  (Advanced Scouting International), 6 თვის  განმავლობაში  თამაშობდა.

ახალგაზრდა კალათბურთელს, სამომავლო გეგმების შესახებ, Sport24  ესაუბრა:

– ამერიკის  მოსამზადებელ სკოლაში  სავარჯიშოდ, ნოემბერში წავედი  და მაისში დავბრუნდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სრული დატვირთვით ვვარჯიშობდი და ბევრი თამაში მქონდა. ახლა კი, დროებით, საქართველოში ვიმყოფები და სხვადასხვა ამერიკული კოლეჯის წარმომადგენლებთან ვმართავ მოლაპარაკებას, –  გვითხა ვილიმ.

როგორც ირკვევა, თუ ისიანი სწავლას ამერიკაში არ გააგრძელებს, ესპანეთში, გრან კანარიაში უნდა დაბრუნდეს, სადაც ამერიკაში წასვლამდე თამაშობდა.

ვილი ამერიკული და ევროპული კალათბურთის თავისებურებებზეც გვესაუბრა:

ამერიკულ კალათბურთს უფრო თავისუფალს დავარქმევდი. მოედანზე მწვრთნელი  მაქსიმალურ თავისუფლებას  გვაძლევდა.  ასე ვთქვათ,  გაშლილი კალათბურთის  სათამაშო სტილი გვქონდა და  ბიჭები  ჩვენით ვაზროვნებდით, რა უნდა  გაგვეკეთებინა და  როგორ  უნდა შეგვეტია. რაც შეეხება ვარჯიშს, დაახლოებით ერთი და იმავე სტილისაა. განსხვავება ისაა, რომ კვირაში 2-3-ჯერ ლოს ანჯელესთან ახლოს მდებარე მთაზე ვვარჯიშობდით. თუ იქ არ მივდიოდით, მაშინ ინდივიდუალურად ვიტვირთებოდით.

ისიანი ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა. 21 წლის კალათბურთელს „ახალგაზრდული ვადა“ გაუვიდა და ახლა მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა. ვილის იმედი აქვს, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურს მოირგებს.

ჩემი აზრით, ეროვნულში სათამაშოდ მზად ვარ. იმ 6 თვის განმავლობაში, რაც ამერიკაში გავატარე, ბევრი რამ ვისწავლე. იქ ჩატარებული თამაშები მინუსების გამოსწორებაში დამეხმარა. თუმცა, ჯერ ამ თემაზე არავინ დამკავშირებია, არც  მწვრთნელები და არც მენეჯერი. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სამწვრთნელო შტაბი, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურს მოვირგებ.

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები