ეროვნული ლიგა

 2018/23/07 00:17

ეროვნული ლიგა
ირაკლი ბუღრიძე: შეგვწევს ძალა, გულშემატკივარს მორიგი სენსაცია შევთავაზოთ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები არცთუ წარმატებულად დაიწყო. პირველი ეტაპის გადალახვა მხოლოდ ერთმა, საჩხერის ჩიხურამ მოახერხა. სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა გუნდმა, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, იერუსალიმის ბეითართან საშინაო შეხვედრაში უგოლო ფრის შემდეგ,  გასვლაზე, მოწინააღმდეგე, საკმაოდ მოულოდნელად, 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე სლოვენიური მარიბორი იქნება.

Sport24 საჩხერის ჩიხურას ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ბუღრიძეს დაუკავშირდა. ჩვენ მას ბეითართან ჩატარებული შეხვედრებისა და  მომავალი მეტოქის შესახებ ვესაუბრეთ. 

 

  ირაკლი, როგორ შეაფასებთ ბეითართან ჩატარებულ შეხვედრებს? 

– ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზევე ძალიან ძლიერი მეტოქე შეგვხვდა, იერუსალიმის ბეითარის სახით. ჩიხურას მიმართ ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი და აშკარა აუტსაიდერებად მივიჩნეოდით... მაგრამ ორივე შეხვედრაში თანაბრად გამოვიყურებოდით და რამდენიმე ეპიზოდში ვჯობდით კიდეც.

  რის ხარჯზე მოახერხა ჩიხურამ ბეითარის ბარიერის დაძლევა?  

–  საჩხერის ჩიხურა ერთიანი, შეკრული გუნდია. თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდა მოედანზე თავისი როლი. ყველა ჩვენგანის მონდომებამ და ბოლომდე ბრძოლამ მოგვცა ეს წარმატებული შედეგი. 

 საქართველოს ჩემპიონატში უკვე ნახევარი სეზონი მიილია. ისრაელის ჩემპიონატი კი, ჯერაც არ დაწყებულა. იყო თუ არა ეს გარკვეული უპირატესობა ბეითართან შეხვედრაში და როგორ ფიქრობთ, ამან რამდენად იქონია მატჩის შედეგზე გავლენა? 

– რა თქმა უნდა, ბეითარის წინააღმდეგ, გვქონდა ეს უპირატესობა. აღნიშნული მატჩისთვის, ბეითარი მხოლოდ ამხანაგური შეხვედრებით ემზადებოდა. ჩიხურასთვის კი, ამხანაგურ შეხვედრებს ისეთი დატვირთვა არ აქვს, როგორც ოფიციალურ მატჩებს. ვიფრობ,  ებრაულმა კლუბმა ფორმაში კარგად შესვლა ვერ მოასწრო. 

მომავალი მეტოქე გაცილებით სერიოზულია – სლოვენიური მარიბორი. რას გვეტყვით ამ კლუბის შესახებ? 

– ბეითარის შემდეგ მარიბორი მოდის, რომელიც გასულ წელს, ლივერპულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა. მარიბორი გაცილებით ძლიერი მეტოქეა. ძალიან რთული მატჩები გველის და ჩვენ აუტსაიდერებად მივიჩნევით, მაგრამ დღეს ნებისმიერ გუნდთან შეიძლება თამაში და ჩემი აზრით, ჩიხურას შესწევს ძალა,  გულშემატკივარს მორიგი სენსაცია შესთავაზოს. 

  პირველი შეხვედრა თბილისში ტარდება. ეს სლოვენიურ კლუბს  ხომ არ აძლევს გარკვეულ უპირატესობას? 

– პირველი შეხვედრის გასვლაზე თამაში რომ სჯობს, ყველამ კარგად იცის.  ეს მარიბორს გარკვეულ უპირატესობას აძლევს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, საშინაო შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოვახერხოთ. 

გუნდში როგორი მდგომარეობაა. ხომ არიან ტრავმირებული მოთამაშეები? 

– სასიხარულოა, რომ ტრავმა მოიშუშა ლევან კაკუბავამ, რომელიც ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა. მოგეხსენებათ, კვლავაც ტრავმირებულია გუნდის კაპიტანი შოთა კაშია, რომელიც, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, მალე დაგვიბრუნდება. 

– მარიბორის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში  ხორვატიულ ოსიეკსა და შოტლანდიურ რეინჯერსს შორის გამარჯვებულს შეხვდებით. მათ შესახებ რას გვეტყვით, როგორი  შანსები ექნება ამ გუნდებთან დაპირისპირების შემთხვევაში ჩიხურას? 

– რა თქმა უნდა, ოსიეკთან თამაში გვირჩევნია, თუმცა, რეინჯერსი ამ წყვილში აშკარა ფავორიტია და წესით ადვილად უნდა მოახერხოს ამ ბარიერის დაძლევა. ჩვენ ჯერჯერობით მთლიანად მარიბორთან შეხვედრაზე ვართ გადართული და ჯერ ეს ეტაპია გადასალახი. 

 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები