ხელბურთი

 2018/01/12 01:59

ხელბურთი
ევროპის ჩემპიონატი – წითელი ბარათის ფასად მოპოვებული გამარჯვება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საფრანგეთში მიმდინარე ქალ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საოცარი შეხვედრა გაიმართა. A ჯგუფის პირველ ტურში დანია შვედეთს შეხვდა და დრამატულ შეხვედრაში 30:29 იმარჯვა.

რა თქმა უნდა, ორი ძლიერი ნაკრების დაპირისპირება ძალიან დაძაბული გამოდგა. მაგრამ პირველი ტაიმი შვედებმა შესანიშნავად ჩაატარეს და ლიდერობა არ დაუთმიათ. მათი მაქსიმალური უპირატესობა 4 ბურთს შეადგენდა. მიწურულს დანიელებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა, მარცხს ვერ გადაურჩნენ – 15:16.

მეორე ტაიმში ვითარება შეიცვალა და დანიელებმა ნანატრი ლიდერობა მოიპოვეს. ერთი მომენტი, წინ კვლავ შვედეთი გავიდა (24:23), მაგრამ ეს მათი უკანასკნელი უპირატესობა გახლდათ. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე დანიელები 29:27 იგებდნენ. ჰაგმანის მეხუთე გატანილი შვიდმეტრიანით სხვაობა შემცირდა. უმალვე დანიელებს საპასუხო 7-მეტრიანის შესრულების უფლება მიეცათ, მაგრამ იორგენსენმა ვერ გაიტანა. შვედები უტევდნენ, მაგრამ დარტყმას ვერ ახერხებდნენ, დრო გადიოდა, ამიტომ ერთი წუთით ადრე ტაიმ-აუტი აიღეს. მასინგმა შორიდან გაისროლა და ანგარიშიც გათანაბრდა – 29:29.

დანიელებს მოსაგებად 35 წამი ჰქონდათ. იენსენმა კუთხიდან აუღებელი დარტყმით საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა. დარჩენილი მხოლოდ 5 წამი იყო და ვითარებაც ამ დროში დაიძაბა. შვედებმა სწრაფად შეუტიეს, დაარტყეს, მაგრამ საჯარიმოდან ფეხით ბურთი ჰანსენმა გამოიტანა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. მისი ნაკრების კარში კი, 7-მეტრიანი დაინიშნა. დასარტყმელად, რა თქმა უნდა, ჰაგმანი მივიდა, მაგრამ მეექვსე ცდაზე მას ტოფტმა და ნერვიულობამ აჯობეს – 30:29.

რომ არა ჰანსენის წითელი ბარათი, ანდაც ტოფტის მოგერიებული პენალტი, დანიელები მოგებულ თამაშს ფრედ დაასრულებდნენ.

გამარჯვებული გუნდის მხრიდან 7 გოლი ტრანბორგმა გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. შვედების მხრიდან ამდენივე გოლი ჰაგმანის ანგარიშზეა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები