ლეგიონერები

 2018/03/11 23:54

ლეგიონერები
ემბიდმა ფაჩულიას პისტონსი გააწამა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ, დეტროიტ პისტონსმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო. ფილადელფიაში გასვლითი შეხვედრა მათთვის მარტივი არ გამოდგა, რამეთუ კამერუნელი კალათბურთელი, ჯოელ ემბიდი შესანიშნავად გამოიყურებოდა. 

სევენთი სიქსერსმა უპირატესობა ხელთ თავიდანვე იგდო და შეხვედრის ბოლომდე არც გაუშვია. ტაიმი 22-ქულიანი უპირატესობით (69:47) მოიგეს, მაგრამ პისტონსმა ბოლოსკენ ვითარება მაინც დაძაბა. დასკვნით მეოთხედში 8 წუთის განმავლობაში მასპინძლებს ქულები მხოლოდ საჯარიმოდან ჰქონდათ აღებული, რითაც პისტონსმა ისარგებლა და ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა. მაგრამ შეხვედრა მაინც ვერ გადაარჩინეს – 99:109.

ემბიდმა არც ფაჩულია და არც დრამონდი გაახარა. ორივეს ნაადრევად აკიდა ჯარიმები და ეს ორი ცენტრი ერთმანეთის ცვლას ვერ აუდიოდნენ. პირველ ათწუთეულში ჩვენებურს 3 ჯარიმა ჰქონდა, დარჩენილ დროში ორი მიიღო და მოედნის დატოვება შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე მოუწია. საბოლოოდ ფაჩულიამ 15 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 4-დან 3 საშუალო და ამდენივე საჯარიმო გამოიყენა.

შეხვედრაში საუკეთესო, რა თქმა უნდა ჯოელ ემბიდი იყო, ვინც 39 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა. უნდა აღინიშნოს, რომ მან პირველ ტაიმში 32 ქულა ჩააგდო და მხოლოდ ერთი სროლა გააფუჭა, მეორე ტაიმში კი, შედეგიანობას უკლო. მას პისტონსიდან წინააღმდეგობა ბლეიკ გრიფინმა გაუწია, ვისაც 38 ქულა და 13 მოხსნა მოუგროვდა. 

დეტროიტ პისტონსის მორიგი მეტოქე მაიამი ჰითი იქნება. შეხვედრა 6 ნოემბერს, 04:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები