ეროვნული ნაკრებები

 2018/27/05 10:33

ეროვნული ნაკრებები
ბექა წიკლაური: მზად ვართ გამოწვევებისთვის და მოედანზე მოსაგებად გავდივართ
ავტორი
ნინო ახობაძე

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ლოკომოტივმა დიდ 10-ში ჩემპიონობა იზეიმა. 31 მაისს, 20:00 საათზე, ბორჯღალოსნები ფრანგ ბარბაროსებს დაუპირისპირდებიან. მანამდე კი Sport24 ეროვნული ნაკრებისა და ლოკომოტივის მორაგბეს, ბექა წიკლაურს დაუკავშირდა, რომელიც ზაფხულის ტესტ მატჩებისთვის ემზადება. ჩვენ მას მოახლოებულ მატჩებზე და ლოკომოტივის ჩემპიონობის შესახებ ვესაუბრეთ.


– პირველ ყოვლისა, გილოცავთ, ლოკომოტივის რიგებში ჩემპიონის ტიტულის დაუფლებას. როგორ შეაფასებთ განვლილ სეზონს?

– დიდი მადლობა, ლოკომოტივის სახელით.  წელს ლოკომოტივის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობა იყო და საკმაოდ კარგი შემადგენლობაც ჰყავდა მიზნის მისაღწევად. ვფიქრობ, დიდ 10-ს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს.

– ფინალამდე აიას 3-ჯერ ეთამაშეთ. 2-ჯერ დამარცხდით და 1 მოიგეთ. სამ შეხვედრაში მეტისმეტად რთული ბრძოლები ვიხილეთ, ფინალში კი მეტოქე აშკარად დაჯაბნეთ. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ფინალში ლოკომოტივის ასეთი დომინირება?

– სეზონის განმავლობაში, ქუთაისთან ორჯერ დავმარცხდით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვითამაშეთ. ფინალი კი სულ სხვაა.  ვფიქრობ, გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ჩვენს გამარჯვებაში.

– 2010 წლის შემდეგ, ლოკო პირველად გახდა ჩემპიონი. რასაც გუნდის მიერ ზედიზედ სამი ფინალის წაგება მოჰყვა. თქვენი აზრით, რა აკლდა გუნდს იმ მატჩებში?

– ჩემი აზრით, გამოცდილება აკლდა, სწორედ ის გამოცდილება, რაც ფინალის მოგებას სჭირდება.

– ფინალში ბევრჯერ დაარტყით არეკნი. ეს მწვრთნელის დავალება იყო?

– არეკნებთან დაკავშირებით, მწვრთნელს დავალება არ მოუცია. მან მხოლოდ დავისუფალი და ლაღი თამაში დამავალა. არეკნების დარტყმა თამაშიდან გამომდინარე გადავწყვიტე.

– მომავალ სეზონშიც ლოკოში რჩებით, თუ აპირებთ სხვაგან, მათ შორის, უცხოეთში კარიერის გაგრძელებას?

– ვფიქრობ, ლოკომოტივთან ერთად გავატარებ შემდეგ წელსაც და თასის შენარჩუნებას ვეცდები.

– ახლა უშუალოდ სანაკრებო თემებზე გადავიდეთ. როგორ მიმდინარეობს ნაკრების მოსამზადებელი პროცესი?

– ნაკრებში დიდი მზადებაა. მეტისმეტად ძლიერ მეტოქეებთან გვიწევს დაპირისპირება. ვფიქრობ, ძალიან კარგ რაგბის ვითამაშებთ და წარმატებით დავბრუნდებით სამშობლოში.

– ბარბაროსები საკმაოდ ღია, გაშლილ რაგბის ანიჭებენ უპირატესობას და ასეთი თამაშის წინააღმდეგ, დაცვას დიდი მნიშვნელობა ექნება. ამ მხრივ, თუ მუშაობთ?

– ნამდვილად ეცდებიან გაშლილი თამაში ითამაშონ, მაგრამ, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ვართ მომზადებულები, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მზად ვართ ყველანაირი გამოწვევისთვის.

– თუ არიან ტრავმირებული მოთამაშეები და რამდენად სერიოზულია მათი ტრავმები?

– სამწუხაროდ, ტრამვები საკმაოდ დაგროვდა. არიან ისეთი ტრამვირებულებიც, რომლებიც ამ ტურნეზე ვერ მიიღებენ მონაწილეობას.  ყველა მათგანს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და მოედანზე დაბრუნებას.

– ფრანგ ბარბაროსებთან დაპირისპირება არ არის სარეიტინგო. ამ მატჩის შემდეგ კი, ნაკრებს ურთულესი ტესტ სერია ელის ოკეანათეში. ასევე, მატჩი იაპონიასთან და ხომ არ იგეგმება, ტრავმების თავიდან აცილების მიზნით, ბარბაროსებთან შეხვედრისას, ძირითადი მოთამაშეების დასვენება, რადგან წინ ურთულესი ტურნეა?

– მართალია ბარბაროსებთან თამაში არ მოქმედებს რეიტინგზე, მაგრამ ვფიქრობ, თამაშების მარცხით დაწყება არ იქნება კარგი. ნამდვილად არ ვიცი, რას ფიქრობენ მწვრთნელები შემადგენლობაზე, მაგრამ ვიცი, მოედანზე  მოსაგებად გავდივართ. პირველ რიგში, ჩვენი მიზანი კარგი თამაში და გამარჯვებაა.  არის პატარ-პატარა ცვლილებები ჩვენს თამაშში, რაც, ვფიქრობ, კარგ შედეგს მოიტანს და 2019 წლის მსოფლიოსთვის საუკეთესო რაგბის ვითამაშებთ.




ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები