ნიჩბოსნობა

 2018/30/08 16:54

ნიჩბოსნობა
ბადრი ყაველაშვილი: ჩემი მიზანი ყოველთვის ოლიმპიური ჩემპიონობა იყო
ავტორი
ლუკა ბერიძე

საქართველოში ნიჩბოსნობა ნელ-ნელა პოპულარული ხდება, თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სპორტის ამ სახეობაში წარმატება ჩვენთვის უცხო არ არის. 1972 წელს, მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ვიქტორ კრატასიუკმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ამის შემდეგ იყო ხანგრძლივი ჩავარდნა, თუმცა, ზაზა ნადირაძის გამოჩენამ ქართულ ნიჩბოსნობას ახალი სიცოცხლე შთაბერა. 

სულ ცოტა ხნის წინ, პორტუგალიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ორმა ქართველმა ნიჩბოსანმა მიიღო მონაწილეობა – ბადრი ყაველაშვილმა და ზაზა ნადირაძემ. მართალია, მედლის მოპოვება ვერც ერთმა შეძლო, მაგრამ ფინალურ ეტაპზე გასვლა ორივემ მოახერხა.

ნადირაძისგან ფინალურ ეტაპზე გასვლა მოსალოდნელი იყო. ახლად გამოჩენილი ბადრი ყაველაშვილისგან კი, ასეთი წარმატება ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.

Sport24 ყაველაშვილს დაუკავშირდა და მასთან ინტერიუ ჩაწერა:

– ცოტა ხნის წინ დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირეთ. ტურნირის დაწყებამდე ელოდით ფინალურ ეტაპზე გასვლას?  

 როდესაც რომელიმე ტურნირში ვიღებ მონაწილეობას, ჩემი მიზანი ყოველთვის ოქროს მედალია, ამრიგად, ფინალურ ეტაპზე გასვლას და ოდნავ უკეთესი შედეგის დაფიქსირებასაც ვგეგმავდი.

 დიდ ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება გაკლიათ. შეიძლება ითქვას, ეს თქვენთვის პირველი სერიოზული გამოწვევა იყო. ფინალურ გაცურვაზე ინერვიულეთ?

 ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, მაღალი კლასის ნიჩნობსნების დამარცხება დამჭირდა, რამაც თავდაჯერება შემმატა, შესაბამისად, ფინალურ გაცურვას კარგი განწყობით შევხვდი და არ ვნერვიულობდი.

 საბოლოოდ, როგორ შეაფასებთ თქვენ გაცურვას, კმაყოფილი ხართ თქვენი გამოსვლით?

 ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემს სპორტულ კარიერაში ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო დიდი წარმატების მიღწევაც, თუმცა, საბოლოოდ, პორტუგალიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატს დადებითად შევაფასებ.

 ამ სეზონზე, კიდევ რომელ ტურნირებში გვექნება თქვენი ხილვის შესაძლებლობა?

– ეს სეზონი დასრულებულია, წელს  სხვა ტურნირში მონაწილეობას აღარ მივიღებ.

 რას უნდა ველოდეთ მომავალში, რა არის თქვენი მიზნები?

 ჩემი მიზანი ყოველთვის ოლიმპიადაზე გამარჯვება იყო და გეგმა არ შეცვლილა. ვეცდები, ოცნება ავისრულო და საქართველო ვასახელო.

 ზაზა ნადირაძე თქვენი უახლოესი მეგობარია. როგორ შეაფასებთ მის გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატზე?

– ის ყველა შეჯიბრზე შესანიშნავად გამოიყურებოდა, ნადირაძე საქართველოს ერთ-ერთი სასახელო და წარმატებული სპორტსმენია.

 2020 წლის ოლიმპიადა ახლოვდება. როდის იწყება საკვალიფიკაციო ეტაპები და რა არის საჭირო ტოკიოში გასამგზავრებლად?

 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვედრა არცთუ ისე მარტივია. ამისთვის მეტი ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო, რაც, სამწუხაროდ, ნიჩბოსნობის ფედერაციას არ გააჩნია. რაც შეეხება სპორტსმენებს, იქ მოსახვედრად ყოველთვის  ყველა მათგანი ბოლომდე იხარჯება.

– ეს სპორტი საქართველოში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. რა მდგომარეობაა ფინანსურად და ინფრასტრუქტურულად, რამდენად გაქვთ საკმარისი ხელშეწყობა წარმატების მისაღწევად?

– ნიჩბოსნობა საქართველოში ნელ-ნელა პოპულარული ხდება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, არის გარკვეული წარმატება, ინფრასტრუქტურული და ფინანსური მხარდაჭერა, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია, რათა სპორტსმენი კარგ პირობებში მოემზადოს მოახლოებული პატარა თუ დიდი ტურნირებისთვის.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები