ფრენბურთი

 2018/11/06 02:23

ფრენბურთი
ანა კალანდაძე: ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგის თამაშია
ავტორი
თამარ ლამპარაძე

19 წლის ანა კალანდაძე საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრების წევრია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დიდი ხანია, ეროვნული გუნდის ღირსებას იცავს. ანამ ჯერ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი, მთავარ გუნდთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ და ფინალურ ეტაპებზე. გასულ სეზონში თურქული ნუმუნესფორში თამაშობდა, მაგრამ კონტრაქტი დაუმთავრდა და ახლა თავისუფალი აგენტია.

ანა სპორტული ოჯახიდან არის... SPORT24 ახალგაზრდა სპორტსმენსროგორც სანაკრებო, ისე საკლუბო კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ანა, სპორტული ოჯახიდან ხარ... მამა და ძმა ხელბურთელები არიან, დედა – კალათბურთელი, ფრენბურთით რატომ დაინტერესდი?

ბავშვობაში რამდენიმე სპორტში ვიყავი ჩართული. ისლანდიაში ცხოვრებისას, ძალიან ახლოს ვიყავით ფრენბურთელ ვიქტორია რავას მშობლებთან და დასთან. ერთხელ, ოჯახთან ერთად პიკნიკზე ვიყავით, სადაც ვიქტორიას დედა ფრენბურთს მეთამაშებოდა. მაშინ ჩემში ფრენბურთელის მონაცემები დაინახა და ჩემს მშობლებს ურჩია, ამ სპორტზე შევეყვანე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჩემი მშობლები ასეც მოიქცნენ და დღემდე ფრენბურთში ვარ.

  ახლა თავისუფალი აგენტი ხარ, უცხოური კლუბებიდან რამე  შემოთავაზება ხომ არ გაქვთ?

დიახ, შემოთავაზება რამდენიმე ქვეყნიდან მაქვს, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია.

ადრეულ ასაკში უცხოეთში წასვლა არ გაგიჭირდათ?

თავიდანვე ვიცოდი ჩემი მიზნები და სურვილები. ისიც, რომ ქვეყნის გარეთ მოღვაწეობაც მომიწევდა. შეიძლება ითქვას, ამისთვის მზად ვიყავი, მაგრამ  ოჯახთან და გარემოსთან დაშორება, რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი.

რა განსხვავებაა ქართულ და თურქულ ფრენბურთს შორის, ინფრასტრუქტურა იქნება ეს თუ სავარჯიშო პროცესი?

ყველაფერი განსხვავებულია. პირველ რიგში, სპორტსმენის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ცდილობენ, ყველანაირი პირობა შეუქმნან, რომ  კარგად იგრძნოს თავი. ამასთან, ძალიან დიდი დაფასება და პატივისცემაა, ასევე, განსხვავებული ვარჯიშისა და მომზადების პროცესი. არის ძალიან დიდი კონკურენციაც, რაც არ გაძლევს მოდუნების  საშუალებას.

წელს ევროლიგაზე არცთუ ისე კარგად ვიასპარეზეთ, მხოლოდ 1 მოგება... არადა, გასული წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მეტის მოლოდინი გვქონდა...

ჩვენც ბევრად უკეთესი მოლოდინი გვქონდა, მაგრამ გვყავდა ბევრი ტრავმირებული, მათ შორის, მეც ტრავმით ვითამაშე. არცა საკმარისი დრო გვქონდ ერთად მოსამზადებლად. მოკლედ რომ ვთქვა, გუნდი არ იყო ფორმაში. გული მწყდება, რომ ასეთი ფაქტორების გამო,  გუნდს არ მიეცა შესაძლებლობის სრულად გამოვლენის საშუალება.

 

  თქვენი აზრით, რა არის დღეს ქალთა ფრენბურთში ყველაზე  დიდი  პრობლემა ?

 სახელმწიფო არ არის დაინტერესებული, არ გვყავს ბევრი კადრი და არ არის სათანადო კონკურენცია. სპორტი, ზოგადად, ისეთი სფეროა, რომელიც ძალიან ბევრის გაცემას მოითხოვს, ვგულისხმობ, ფინანსებს. რეალურად რომ შევხედოთ, ჩვენს ქვეყანაში სპორტული კულტურა არ არის მაღალ დონეზე. სპორტი ბევრ სხვა ქვყანაში პირველ ადგილზეა, ჩვენთან კი მეათეხარისხოვანია.

უახლოეს მომავალშირა მიზანი აქვს საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებს?

ამჯერად, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ  ევროპის  შესარჩევი ეტაპისთვის, რომელიც აგვისტოში გაიმართება.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ნაკრების მიზანზე, ახლა გვითხარით პირადად თქვენი მიზნის შესახებ... 

ვცდილობ, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო და თავი არ დავზოგო. ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია და ამის  მისაღწევად, ყვლაფერს გავაკეთებ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები