ეროვნული ნაკრებები

 2018/20/06 13:20

ეროვნული ნაკრებები
აკაკი დვალიშვილი: ვეცდებით ქართველ მაყურებელს იმედი არ გავუცრუოთ
ავტორი
თამარ ლამპარაძე

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ჩეხეთშია და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ჩვენები პრაღაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ მასპინძლებთან. ილიას ზუროსმა 14 კალათბურთელი იახლა. მათ შორისაა აკაკი დვალიშვილი. SPORT24 ეროვნული გუნდის ფორვარდს ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა.


როგორ და სად დაიწყო თქვენი კარიერა?

– ჩემი კარიერა მშობლიურ ქალაქ რუსთავში, ბატონ გურამ რეხვიაშვილთან დაიწყო. მშობლების გადაწყვეტილებით, ცხრა წლის ასაკში, კალათბურთზე შევედი და დღემდე დიდი სიამოვნებით მივყვები ამ სპორტს.

საქართველოს ჩემპიონი 3-ჯერ გახდით, რა პერიოდს გამოარჩევთ კარიერიდან, რომელი იყო თქვენთვის საუკეთესო ეპიზოდი?

– ზოგადად, ძნელია გამოარჩიო ერთი სეზონი. განვითარებისა და პროფესიული ზრდისთვის, ყველა წელს აქვს საკუთარი პლუსი. ემოციურად დატვირთული ნამდვილად იყო ოცწლამდელთა ნაკრებში „ბ“ დივიზიონის ჩემპიონობა და „ა“ დივიზიონის საგზურის მოპოვება.

ეროვნულ ნაკრებზე რას გვეტყვით, გუნდს წინ გადამწყვეტი მატჩები აქვს, როგორ ემზადება გუნდი და რა შედეგს უნდა ელოდეს გულშემატკივარი ეროვნული გუნდისგან?

– ფიზიკურად და ტაქტიკურად მაქსიმალურად ვემზადებით და ვცდილობთ, იმედი არ გავუცრუოთ ქომაგს. მოედანზე უნდა ელოდეთ მებრძოლ გუნდს, რომელიც გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს. უკვე ჩეხეთში ვართ და ვემზადებით ტესტ მატჩების გასამართად, რომელიც 22-23 ივნისს ჩატარდება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გუნდს შეთამაშებაში დაეხმარება.

მაიკლ დიქსონი ნაკრებიდან წავიდა. რამდენად კარგი შემცვლელი იქნება მაკფადენი?

– მადლობა მაიკლს, მან ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი აჩუქა ქართველ ქომაგს. რაც შეეხება ტედს, ის საკმაოდ მონდომებული და კონტაქტურია. ჯერჯერობით, ადაპტაციის პროცესშია და მხოლოდ ვარჯიშებიდან გამომდინარე, ძნელია, ისაუბრო მის შესაძლებლობებზე.

ბოლო პერიოდში, ნაკრები გამოცდილმა კალათბურთელებმა დატოვეს. რა დრო დასჭირდება გუნდს თაობათა ცვლისა და გადაწყობისთვის?

– თაობათა ცვლა გარდაუვალია. ამას, რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევა დასჭირდება. კარგი სპეციალისტია ჩვენი მწვრთნელი – ილიას ზუროსი, რომელიც კარგად აბალანსებს ძველ და ახალ თაობას გუნდში. ყველას გვაძლევს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და გამოცდილების მიღების საშუალებას, რაც სამომავლოდ, გაამარტივებს თაობათა უმტკივნეულო ცვლას.

რა სჭირდება ქართულ კალათბურთს დღეს ყველაზე მეტად?

– ქართული კალათბურთისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დაინტერესდეს და სუპერლიგის თამაშებზე მეტი ქომაგი იყოს დარბაზში. კალათბურთელისთვის სასიამოვნოა მხარდაჭერა.

რა არის თქვენი კარიერული მიზანი?

– დიდ სიამოვნებას ვიღებ კალათბურთის თამაშით. ეს უბრალოდ სპორტი არაა, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელსაც დიდ დროს ვუთმობ, და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტად განვვითარდე. ვისურვებდი, რომელიმე ძლიერ ევროპულ გუნდში თამაშს.  



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები