ძიუდო

 2018/10/07 00:37

ძიუდო
ავთანდილ ჭრიკიშვილი: ძალიან მინდა, გულშემატკივარი გავახარო
ავტორი
ნინო ახობაძე

27-დან 29 ივლისის ჩათვლით, ხორვატიის დედქალაქში „ზაგრების გრან-პრი 2018“ გაიმართება, სადაც, მონაწილეობას 84 ქვეყნის 620 სპორტსმენი მიიღებს. მათ შორის, ქართველი ძიუდოისტი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც 90 კგ-ში იასპარეზებს.

ალბათ, იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც უყვარს ძიუდო და მისი რჩეული სპორტსმენების სიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი საპატიო ადგილს არ იკავებს. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ტრავმების გამო, ჭრიკიშვილმა არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირი გამოტოვა და ქართულ ძიუდოსაც საგრძნობლად დაეტყო მისი არყოფნა.

რამდენიმე დღის წინ, ესპანეთის შეკრება დასრულდა სადაც, ავთანდილ ჭრიკიშვილი გუნდელებთან ერთად იმყოფებოდა. შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ, ქართველ ძიუდოისტს SPORT24 ესაუბრა.

  როგორ შეაფასებთ ესპანეთის შეკრებას?

 ესპანეთის შეკრება ძალიან სასარგებლო და საჭიროა ნებისმიერი სპორტსმენისთვის. მან ძალიან კარგად ჩაიარა. მოგეხსენებათ, შეკრებაზე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპორტსმენები იყვნენ ჩამოსულები, გვყავდა ბევრი სპარინგ-პარტნიორი და მთელი დღის განმავლობაში, დატვირთულები ვიყავით. სხვადასხვა სტილით მოჭიდავე ძიუდოისტებთან ვარჯიში დადებითად აისახება ნაკრების მომზადებაზე და მიუხედავად საკმაოდ მოკლე, ერთკვირიანი შეკრებისა, მიმაჩნია, რომ ჩვენი ვარჯიშები ნაყოფიერი იყო. 

 როგორც ჩვენთვის ცნობილია, თვის ბოლოს, ერთ-ერთ ტურნირზე აპირებთ მონაწილეობის მიღებას. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს. ამასთან, როგორ შეაფასებთ მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის შანსებს? 

 გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხორვატიაში გასამართ გრან-პრიზე მივიღებ მონაწილეობას, სიმართლეა. ჩემი ინფორმაციით, საკმაოდ ძლიერმა ძიუდოისტებმა გააკეთეს განაცხადი აღნიშნულ შეჯიბრში საასპარეზოდ და შესაბამისად, კონკურენციაც დიდი იქნება, მით უფრო, რომ გრან-პრი, ზოგადად, ძლიერი ტურნირია ქულების მოგროვების თვალსაზრისითაც და კონკურენციაც ყოველთვის მაღალია.

 როგორ ფიქრობთ, ეს ის დაბრუნება იქნება, რომელსაც თქვენი ერთგული გულშემატკივარი საკმაოდ დიდი ხანია ელის?

  ძალიან მინდა, გულშემატკივარი გავახარო, ბევრს ვვარჯიშობ და ვეცდები, ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო შეჯიბრზე. იმედი მაქვს, ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართება და საუკეთესო შედეგით დავბრუნდები საქართველოში. 

  ბოლო პერიოდში, ტრავმების გამო, გულშემატკივარს იშვიათად ჰქონდა თქენი ტატამზე ხილვის შესაძლებლობა. რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, ახლა? 

  ამჟამად, ტრავმა აღარ მაწუხებს. უმნიშვნელოდ მახსენებს ხოლმე თავს, დატვირთვებიდან გამომდინარე, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ და ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო ტატამზე.

  როგორ შეაფასებთ მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის შანსებს? 

 როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები დამარცხდა, არც  შემდეგ ჰქონია ვინმეს ისეთი შედეგი, რომ მსოფლიოზე ავტომატურად დადგეს და იასპარეზოს. წინ რამდენიმე ტურნირია, რომელიც უნდა ვიჭიდაოთ და ვისაც უკეთესი შედეგი ექნება, ისინი წარდგებიან მსოფლიო ჩემპიონატზეც.
 შესაბამისად, მეც ზუსტად ისეთივე შანსები მაქვს, როგორიც სხვა დანარჩენებს.

  როგორ ფორმაშია ნაკრები. თქვენი აზრით, ხომ არ დაეტყობა გუნდს, რომ არ ვარჯიშობდით, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით იყავით გაფიცულები? 

 რა თქმა უნდა, ნაკრებმა დიდი დრო დაკარგა უსამართლობასთან ბრძოლაში და კარგი იქნებოდა, ეს ენერგია ტატამზე დაგვეხარჯა. სპორტსმენს მსგავსი პრობლემები არ უნდა ჰქონდეს მოსაგვარებელი და იმისთვის არ უნდა სჭირდებოდეს ბრძოლა, რასაც ისედაც იმსახურებს. ნაკრები მთელი ძალისხმევით ცდილობს, დაკარგული დროის ანაზღაურებას და გაასმაგებული ძალით ვვარჯიშობთ, რომ მსოფლიოზე საუკეთესო ფორმით წარვდგეთ.

– დაბოლოს, რა მდგომარეობაა ფედერაციასა და სამწვრთნელო შტაბში? არის თუ არა, რეალურად, დაკმაყოფილებული და გათვალისწინებული სპორტსმენების მოთხოვნები?

– მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც ქევხიშვილის დროს იყო. არაფერი შეცვლილა. ფაქტობრივად, ისევ ის მართავს ფედერაციას. ისევ ვეჯახებით სხვადასხვა პრობლემას, რომელიც აქამდე გვაწუხებდა და რომლის გამოც, ამდენი ვიბრძოლეთ. მაგრამ იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი დროებითია და მალე სიტუაცია სპორტსმენების სასიკეთოდ დალაგდება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები