ასაკობრივი ნაკრები

 2018/22/05 13:08

ასაკობრივი ნაკრები
თედო აბჟანდაძე: მზად ვართ, ევროპის წამყვან გუნდებს ვეთამაშოთ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, საფრანგეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. უმცროსი ბორჯღალოსნები C ჯგუფში საფრანგეთის, ირლანდიის და სამხრეთ აფრიკის გუნდებთან ერთად ითამაშებენ. ილია მაისურაძე ტურნირზე 28-კაციანი შემადგენლობით მიემგზავრება.

Sport24 საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრს,თედო აბჟანდაძეს, საფრანგეთში გამგზავრებამდე დაუკავშირდა. ჩვენ მას მოსამზადებელ ეტაპსა და მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ვესაუბრეთ.

– როგორ შეაფასებთ ნაკრების მოსამზადებელ ეტაპს?

 ნაკრების მოსამზადებელი ეტაპი ურთულესი და ამავდროულად, ძალიან საინტერესოც იყო.  ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად, ძალიან რთული და დამღლელი ფიზიკური ვარჯიშები ჩაგვიტარდა. ასევე, გვქონდა მნიშვნელოვანი  სპარინგ მატჩები საფრანგეთთან, სამხრეთ აფრიკასთან და ბოლო – ინგლისის საგრაფოების გუნდთან. ისინი საკმაოდ კარგ რაგბის თამაშობენ. ამ თამაშებში დიდი გამოცდილება მივიღეთ. შევისწავლეთ ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები და მსოფლიო ჩემპიონატს მომზადებულები ვხვდებით.

 როგორი განწყობაა გუნდში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე?

 გუნდში მშვენიერი საბრძოლო განწყობაა. ძალიან რთული მატჩები გველის და ბიჭები ყველანაირად მზად არიან  ამ წინააღმდეგობებისთვის.

როგორია ნაკრების ტრავმირებული მოთამაშეების მდგომარეობა?

 რაგბი კონტაქტური სპორტია და  ფიზიკურად ასეთი დატვირთული ვარჯიშების შემდეგ, ტრავმები მუდმივად იჩენს თავს. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.  რამდენიმე მორაგბეს მცირე ტრავმა აწუხებს, მაგრამ მათი დაზიანება არ არის სერიოზული და ტურნირზე ოპტიმლაურ ფორმაში იქნებიან.

 რა მიზანს ისახავს საქართველოს ნაკრები ამ მსოფლიო ჩემპიონატზე?

– ჩვენ მხოლოდ მესამედ ვასპარეზობთ ელიტაში. განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ელიტაში მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში თამაში. ამიტომაც, უმთავრესი მიზანი ადგილის შენარჩუნებაა. ასევე,  ჩვენ ყველა მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, შარშანდელი შედეგიც გავაუმჯობესოთ.

– თქვენ და ნაკრების კიდევ ათ მოთამაშეს,მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება გაქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გუნდი ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მონაწილეა.

 თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ ჩვენ მეტი მოთამაშე გვყავს, ვისაც წინა მსოფლიოზე აქვს ნათამაშები, შეიძლება ეგრეც ითქვას. მაგრამ რეიტინგის სათავეში მდგარ გუნდებთან, ჯერ ახლოს ვერ მივალთ, რადგან ჩვენ მხოლოდ მესამედ ვმონაწილეობთ მსოფლიო ჩემპიონატზე.

 საკლუბო კარიერაზეც გკითხავთ. ცოტა ხნის წინ დატოვეთ ირლანდიური კლუბი და ქუთაისის აიაში დაბრუნდით. რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?

–  იყო რაღაც მიზეზები, რამაც გადამაწყვეტინა კლუბის დატოვება და საქართველოში დავბრუნდი.  მაგრამ ამ ეტაპზე ამ საკითხზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მომავალ სეზონს კვლავ  ქუთაისის აიაში გავატარებ.

 როგორ შეაფასებთ დიდი 10-ის განვლილ სეზონს?

–  წელს გაცილებით საინტერესო და დაძაბული ჩემპიონატი გამოვიდა. წლიდან წლამდე, გუნდები საკმაოდ პროგრესირებენ და ჩემპიონატის დონეც აშკარად გაზრდილია.

  და ბოლოს, ყბადაღებული თემა...საქართველო და 6 ერი. თქვენი აზრით, რამდენად მზად ვართ, ევროპული რაგბის ელიტაში სათამაშოდ?

– ბოლო წლებში ქართულმა რაგბიმ საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა. ჩვენი თამაში გაცილებით მრავალფეროვანი გახდა და ვფიქრობ, უკვე მზად ვართ, ევროპის წამყვან გუნდებს ვეთამაშოთ.

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები