ასაკობრივი ნაკრები

 2018/21/06 19:55

ასაკობრივი ნაკრები
თედო აბჟანდაძე: ყველაფერს გავაკეთებ ნაკრებში თავის დასამკვიდრებლად
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ილია მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე სამი შეხვედრა მოიგო. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 6 ერის ორი წარმომადგენლის – შოტლანდიისა და ირლანდიის ძლევასთან ერთად, იაპონელი „სამყურებიც“ დაამარცხეს და ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავეს. ასევე, საქართველოს ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ქვედა დივიზიონიდან გადასვლის შემდეგ, ზედიზედ სამჯერ შეძლო ელიტაში ადგილის შენარჩუნება.

ამ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე, საქართველოს ნაკრებისა და ქუთაისის აიას მგეზავი, თედო აბჟანდაძე გახლდათ, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს 15 ქულა შესძინა (1 ლელო, 5 გარდასახვა) და  მთელი ტურნირის განმავლობაში, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში გუნდს კარგად გეზავდა. აბჟანდაძისთვის ეს მეორე მსოფლიო ჩემპიონატი იყო ამ ასაკში და გაისად, მესამედაც შეეძლება თამაში.

sport24 თედოს დაუკავშირდა და მას გასული მსოფლიო ჩემპიონატისა და სამომავლო გეგმების შესახებ  ესაუბრა.

– გილოცავთ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ თამაშს, რომელზეც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და შეძლო სამი მატჩის მოგება. როგორ შეაფასებთ განვლილ ტურნირს?

– თავიდანვე, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დავიწყეთ, მიზნად გვქონდა, ტურნირზე მინიმუმ ორი შეხვედრა მოგვეგო და წინა წლებში ნაჩვენები შედეგები გაგვეუმჯობესებინა. საბედნიეროდ, ეს გამოგვივიდა. სამი მატჩი მოვიგეთ და მოგება-წაგების თვალსაზრისით, დადებითი ბალანსით დავასრულეთ ტურნირი. ასე რომ, ძალიან წარმატებულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს ნაკრების გამოსვლა და ამაყები ვართ მიღწეული შედეგით.

ჩემპიონატის დაწყების წინ, ალბათ, მეოთხე-მეხუთე  საფლეიოფო მატჩებზე იგეგმებოდა აქცენტის გაკეთება. რის შემდეგ გადაწყვიტა სამწვრთნელო შტაბმა, რომ  ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ირლანდიასთან დიდი ძალებით გვეთამაშა, რადგან  გადამწყვეტი მატჩებისთვის გუნდის გადაღლილობის შანსიც იყო?

–  თავიდანვე  იგეგმებოდა, რომ ჩვენი სათამაშო მეოთხე მატჩი ყოფილიყო და მზადების პროცესიც ისე მიდიოდა, რომ  მეოთხე შეხვედრისთვის საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავით. თუმცა, პირველ ტურში სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ აღებულმა პრემიალურმა ქულამ და დანარჩენ ჯგუფებში მესამეადგილოსნების დაკარგულმა ქულებმა გაგვიჩინა რეალური შანსი, ირლანდიასთან მოგების შემთხვევაში, მეხუთე-მერვე ადგილებისთვის გვებრძოლა. შესაბიმასად, ირლანდიასთან, მოსაგებად გავედით მოედანზე და შედეგიც დაიდო, მაგრამ არგენტინამ იტალიასთან მარცხის მიუხედავად, ორი პრემიალური ქულა აიღო და ჩვენ ისევ ქვედა ზონაში მოვხვდით.

– ტურნირზე საქართველოს ნაკრებს უფრო მეტის პოტენციალი ჰქონდა?

– ჩემი აზრით, ცოტა რომ გაგვმართლებოდა და ირლანდიასთან გამარჯვების შემდეგ,  მეხუთე-მერვე ადგილების ზონაში მოვხვედრილიყავით, იქაც შეგვეძლო მინიმუმ ერთი თამაშის მოგება, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ იყო დამოკიდებული.

იაპონიასთან შეხვედრისას, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა და ბევრი შეცდომაც დავუშვით.  თავად იაპონელებსაც მეტი ყურადღებით რომ ეთამაშათ, შესაძლოა, მატჩი რადიკალურად განსხვავებული ანგარიშითაც დასრულებულიყო. რას უნდა დავაბრალოთ, რიგ ეპიზოდებში ჩვენი ნაკრების არასტაბილური თამაში?

– ირლანდიასთან გამარჯვების შემდეგ, ბიჭები უკვე ფსიქოლოგიურად განწყობილნი ვიყავით, რომ  იაპონიასთან შედარებით იოლ გამარჯვებას მოვიპოვებდით და საწყის წუთებში, მეტოქის დაუფასებლობის გამო, დავისაჯეთ კიდეც.

– ბოლო წუთებში იაპონია ძალიან დავჩაგრეთ და საოცარი მატჩის შემოტრიალებაც შევძელით. როგორ ფიქრობთ, იაპონელებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვების, თუ ჩვენს წნეხს ვეღარ გაუძლეს?

–  ბოლო წუთებში, როდესაც წაგების საფრთხე შეგვექმნა, ძალიან მოვინდომეთ და სათამაშო ტემპს ვუმატეთ. რაქიდან ბურთი სწრაფად გამოდიოდა, რის შედეგადაც, მეტოქე დაცვაში გადაწყობას ვეღარ ასწრებდა და საბოლოოდ, ამ მატჩის მოგებაც შევძელით.

 – მიმდინარე ტურნირზე ყველა შეხვედრა სრულად ჩაატარეთ და ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრიც იყავით. თავად როგორ შეაფასებთ საკუთარ თამაშს?

– 18 დღეში 5 მატჩის ჩატარება, მით უფრო, ასეთ მაღალ ტემპში, ძალიან რთულია. შოტლანდიასთან თამაშამდე, მოთელვაზე ისე დაღლილი ვიყავი, მეგონა ვერ შევძლებდი ჩემი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას. მაგრამ ბიჭებმა გავამხნევეთ ერთმანეთი, რომ ბოლო მატჩი იყო, შანსი გვქონდა ტურნირი დადებითი ბალანსით დაგვემთავრებინა და ყველაფერს გავაკეთებდით ამ შეხვედრაში წარმატების მისაღწევად. რაც შეეხება ჩემს თამაშს. თამაშიდან თამაშამდე ვცდილობდი მომატებას და ყველა თამაშში მინიმუმ ერთი გამორჩეული მომენტი მქონდა.  

– ეს ტურნირი ახალგაზრდა მორაგბეებისთვის ერთგვარ ტრამპლინს წარმოადგენს.  რომელიმე კლუბი ხომ არ არის თქვენით დაინტერესებული?

–  იაპონიასთან მატჩის შემდეგ, საფრანგეთის Top 14-ის კლუბი პერპინიანი იყო ჩემი გადაბირებით დაინტერესებული, მაგრამ კონტრაქტის პირობებით, ბოლომდე კმაყოფილი არ დავჩი და მინიმუმ ერთი წლით კვლავ ქუთაისის აიაში გავაგრძელებ კარიერას.

უკვე წლებია, შერკინება ქართული რაგბის ავანგარდად მიიჩნევა. მაგრამ, აღსანიშნავია,  ტურნირზე ხაზის მოთამაშეები უფრო იყვნენ დატვირთულნი, ვიდრე შერკინება. ეს  სამწვრთნელო შტაბის დავალება იყო?

– კი, მწვრთნელების დავალება იყო, რომ დაბალანსებული ყოფილიყო თამაში ხაზსა და შერკინებას შორის, რადგან როდესაც ხაზზე ვათამაშებდით ბურთს და სისწრაფეებს ვუმატებდით, მაშინვე ვქმნიდით უპირატესობას.

5 მატჩიდან 4-ში გვყავდა გასინბინებული მოთამაშეები. ეს იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ ნაკრებში სათამაშო დისციპლინის მხრივ, პრობლემა იყო?

– ამას მე უფრო განსაკუთრებულ მონდომებას და მოტივაციას დავაბრალებდი. როდესაც მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადიხარ, რთულია კონტაქტის ან ბოჭვის დროს, თავი გააკონტროლო. თან მოგეხსენებათ, თანამედროვე რაგბიში ძალიან გამკაცრებულია მაღალ ბოჭვაზე ჯარიმები.

– საინტერესოა, უცხოელების მხრიდან როგორი გამოხმაურება მოჰყვა ირლანდიასთან და შოტლანდიასთან გამარჯვებას, რადგან ბევრისთვის ეს მოულოდნელი იყო?

– ყველასთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო საქართველოს ნაკრების ასეთი წარმატებული გამოსვლა და ყველა აღნიშნავდა, რომ საქართველო ტურნირის აღმოჩენა იყო. მსოფლიო რაგბიმაც გამოაქვეყნა სურათი, სადაც გამოსახული იყო საქართველოს დროშა, გადახაზული იყო იაპონია, შოტლანდია, ირლანდია და ეწერა – ვინ იქნება შემდეგი.

 – და ბოლოს, როგორ ფიქრობ, შესაძლებელია თუ არა, ერთ წელში ფიზიკურად ისე მოემზადო, რომ მილტონ ჰეიგმა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე წაგიყვანოს?

–  ნებისმიერი სპორტსმენის ოცნებაა, საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ითამაშოს და განსაკუთრებით, მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცვას ქვეყნის ღირსება. ეს უკვე მწვრთნელების გადასაწყვეტია. მე კი თუ მომეცემა შანსი, ყველაფერს გავაკეთებ, ნაკრებში თავის დასამკვიდრებლად.

 

 

 

 

 

 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები