ძალოსნობა

 2018/30/05 01:38

ძალოსნობა
თათია ლორთქიფანიძე: ქართულ რეალობაში სტერეოტიპი დავამსხვრიე
ავტორი
თამარ ლამპარაძე

წელს გამართულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, 24 წლის ძალოსანმა თათია  ლორთქიფანიძემ, ატაცში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში კი, ლორთქიფანიძე მეოთხე ადგილზე გავიდა და მცირედი დააკლდა საერთო ჩათვლაშიც აეღო მედალი.

ძალოსნობით დაინტერესებაზე, გამარჯვებებზე და  მიზნებზე, ახალგაზრდა  სპორტსმენს SPORT24  ესაუბრა.

 ოდის  დაინტერესდით ძალოსნობით?

თავდაპირველად, წყალში მხტომელი ვიყავი, მაგრამ  ტრავმა მივიღე  და მივხვდი, რომ ამ სპორტს ვეღარ გავაგრძელებდი. შემდეგ გადავედი ფარიკაობაზე, რომელიც ძალიან დიდ ძალას მოითხოვდა. ერთ-ერთ ვარჯიშს ძალოსნობის  მწვრთნელი, გელა მახარაშვილი  ესწრებოდა და მან ჩემში შტანგის აწევის პოტენციალი დაინახა, რადგან  ფიზიკური მონაცემები ხელს მიწყობდა. შემომთავაზა, ძალოსნობაშიც მეცადა  ბედი. მივატოვე ფარიკაობა და უკვე  მეხუთე წელია, რაც  ძალოსნობით ვცხოვრობ.

თავიდანვე გათვიცნობიერებული გქონდათ  მოსალოდნელი ტრავმები, რაც შეიძლებოდა სიმძიმის აწევას მოეყენებინა?

დიდი სპორტი არ არსებობს ტრავმის გარეშე. სასურველ გამარჯვებამდე რომ მიხვიდე, ეტაპობრივად, გარკვეული ბარიერები უნდა გადალახო. ტრავმა, ერთი მხრივ,  სპორტსმენს აძლიერებს კიდეც. ამიტომ, არ შევუშინდი მოსალოდნელ ტრავმებს და  ახლა იმ სპორტში ვარ, სადაც უნდა  ვიყო.

როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას  ოჯახი, მეგობრები?

ჩემი გადაწყვეტილება პირველად მამას გავაცანი, რადგან განსაკუთრებით, მისი  დამოკიდებულება მაინტერესებდა. მამამ მხარი დამიჭირა და  მითხრა, რომ  მე უფრო კარგად ვიცოდი, რა მსურდა საკუთარი თავისთვის, მაგრამ დედა რთულად შეხვდა ჩემს ძალოსნობაზე გადასვლას. მეგობრებიც მეუბნებოდნენ, რომ ეს  სპორტი  გოგოს საქმე არ იყო. მაშინ ვთქვი, რომ დავამსხვრევდი სპერეოტიპს ქართულ რეალობაში და ასეც მოვიქეცი. მე ახლა ქართველი ძალოსანი ქალი ვარ!

საზოგადოებას რა დამოკიდებულება აქვს თქვენ  მიმართ?

რაც უნდა გასაკვირი იყოს, საზოგადოება კარგად შეხვდა ჩემს  გადაწყვეტილებას. მოსწონთ, რომ ამხელა შემართება და ნებისყოფა მაქვს. განსაკუთრებით მოსწონთ, ჩემი საყვარელი საქმისადმი სწორი დამოკიდებულება და შრომისუნარიანობა. ამიტომ, მათგან სიყვარულს და მხარდაჭერას ვგრძნობ.

2015  წლის  ევროპის  ჩემპიონატზე,  თქვენ პირველი  ქართველი ძალოსანი ქალი იყავით... რა შეგრძნება იყო ეს ?

როდესაც შენს ქვეყანას წარმოადგენ და ხარ პირველი ძალოსანი ქალი ევროპის ჩემპიონატზე, ეს ნამდვილად ბედნიერებაა. 2015 ჩემი სადებიუტო წელი იყო და მაშინ ათეულშიც მოვხვდი. ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში ამ ჩემპიონატმა, მართლაც გარდამტეხი როლი  ითამაშა.

ევროპის ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში, მეოთხე ადგილი დაიკავემაგრამ ატაცში ბრინჯაოს მედალი მაინც აიღე... მეტი შეგეძლოთ?

არ მოველოდი იმ  შედეგს, რაც ევროპის ჩემპიონატზე დავაფიქსირე და ამიტომ,  უფრო და უფრო მეტს ვივარჯიშებ, უკეთესი შედეგის მისაღწევად. ვფიქრობ, შემეძლო მეტის გაკეთება, უბრალოდ, მწვრთნელებმა თავის შეკავება მირჩიეს, რათა ტრავმა არ მიმეღო და რასაც მივაღწიე, იმითაც დავკმაყოფილებულიყავი. თუმცა, იმასაც აღვნიშნავრომ ჯგუფში კარგად ვიასპარეზე და ვიყავი ლიდერიც. ბევრ ძლიერ მეტოქე ვაჯობე და ეს შედეგი საკმარისი იყო, საპრიზო მედლის ასაღებად, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.

წლევანდელი  ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, რა  კომპონენტში გაქვთ მოსამატებელი და როგორ ემზადებით შემდეგი ტურნირისთვის?

ფიზიკურ ძალას არ ვუჩივი, უბრალოდ არის ტრავმები, რაც, ცოტა არ იყოს, ხელის შემშლელია. თვე-ნახევარი ვერ ვივარჯიშე ხელის ტრავმის გამო და შესაბამისად, ცოტა ჩავარდნებიც მაქვს. შემდეგი ტურნირი ევროპის ჩემპიონატია, რომელიც მომვალ წელს, ბათუმში ტარდება. მოვემზადები, რომ  კარგი შედეგი ვაჩვენო. შევეცდები, გავამართლო ხალხის იმედები და საპრიზო ადგილიც დავიკავო.

 რამდენად გაქვთ ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?

როგორც ვიცით, ოლიმპიადა ტოკიოში 2020 წელს ტარდება. მართალია, იქამდე ბევრი დროა და შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევაც, მაგრამ მთავარი ხელშეწყობაა. ამას უფრო მეტი  შეკრება სჭირდება, რომ სპორტსმენი უფრო გაიზარდოს. მინდა, ოლიმპიადაზე წასვლა და იმედს არ ვკარგავ, რომ შანსი მექნება. ამისთვის ძალებს არ  დავზოგავ.

რომელი იყო  თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება?

საქართველოს ჩემპიონატებშიც  ვმონაწილეობდი, მაგრამ  მნიშვნელოვანი წარმატება  წელს, ევროპის ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედლის მოპოვება იყო, რომელმაც ჩემს კარიერაში  ყველაფერი შეცვალა და უფრო მეტი შემართება მომცა სამომავლოდ.

     თქვენი აზრით, რა პრობლემებია დღეს ქართულ ძალოსნობაში და როგორ შეიძლება ამის გამოსწორება?

იქიდან დავიწყებ, რომ სპორტსმენს, მით უმეტეს პერსპექტიულს, ძალიან სჭირდება ხელშეწყობა. ძალოსნობისთვის უფრო მეტი თანხა რომ იყოს გამოყოფილი, ძალიან კარგი იქნებოდა... ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა  ისაა, რომ შეკრებების პერიოდში, არ არის ვიტამინიზაცია, რაც სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ეს პრობლემები გამოსწორდება, შესაბამისად, სპორტსმენების შედეგიც უფრო სახარბიელო იქნება.

რა სამომავლო მიზანი გაქვთ?

– მიზანი, პირველ რიგში მომავალი წლის  ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლაა. მინდა, რომ კარგად მოვემზადო  და საპრიზო ადგილი დავიკავო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები