სუმო

 2018/19/05 16:07

სუმო
93 წლის ექსპერტი ბებო ტოჩინოშინს წლებია ქომაგობს
ავტორი
ირაკლი გოგავა

იაპონიაში სუმო სპორტის ნაციონალური სახეობა და მეტად პოპულარული სანახაობაა. რელიგიის დონემდე აყვანილი. საუკუნეების განმავლობაში, დადგენილი წესებისა და რიტუალების მიხედვით ტარდება.

ჩვენში სუმოს ცოტა თუ იცნობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო პოპულარული გახდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც სუმოს სამყაროში ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ იმპერატორის თასი მოიგო. ეს კი ამომავალი მზის ქვეყანაში ყველაფერს ნიშნავს – ქართველი სეკიტორი უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს. იმდენად დიდი პოპულარობით რომ, იაპონელი წყვილი, კენტარო-სანი და მიკა-სანი საქართველოში ჩამოიყვანა.

იაპონელ სტუმრებს სუმოს ქართველ ქომაგებთან ერთად შევხვდით – ნაცუ ბაშოს მე-7 დღე და ტოჩინოშინის გამოსვლა ერთად უნდა გვეყურებინა. შეჯიბრის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ტოჩინოშინი ქულას უბრძოლველად მიიღებდა, რადგან მეტოქე, შოთა ენდო, ტრავმის გამო არ გამოუცხადდა.

7-დან 7 მოგება და ტოჩინოშინის პოპულარობა კიდევ უფრო იზრდება. თუმცა, იაპონიაში მანამდეც ყოფილა ერთი ადამიანი, რომელსაც ქართველი გოლიათის წარმატების სჯეროდა და 10 წელია მისი გულშემატკივარია.

ამის შესახებ კინტერო და მიკა, ბატონი თამაზ რურუას დახმარებით გვესაუბრნენ.

– რამ ჩამოგვიყვანა საქართველოში? ამის პასუხი მარტივია – ტოჩინოშინი. ჩვენ ქართველი სეკიტორის გულშემატკივრები ვართ. სხვა ქვეყანაში ვიყავი ევროპაში და გადავწყვიტეთ საქართველო გვენახა. ამის გამო, მაისის ბაშოს ვტოვებთ „ლაივში“. თუმცა, ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს და მოხარულნი ვართ, რომ ახლა ისეთ ხალხთან მოგვიწია ყოფნა, ვისაც ნამდვილად უყვარს სუმო და იცის სპორტის ეს სახეობა. ჩვენ მოგვწონს ტოჩინოშინის სტილი და ეს, ალბათ, მემკვიდრეობითია. 10 წელია ბებია ტოჩინოშინის გულშემატკივარია და ამბობს, რომ ქართველი ძველი იოკუძუნების სტილში ჭიდაობს, რაც მას ძალიან ხიბლავს. სხვათა შორის, ბებია სუმოს დიდი ხნის ქომაგია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტელევიზორი შეიძინა და სოფელში ჩაიტანა, რათა ყველა ბაშოსთვის თვალი ედევნებინა. მთელი სოფელი მასთან იკრიბებოდა. ასე რომ, ჩემი 93 წლის ბებიას იმდენი ბაშო და იმდენი სუმოისტი ჰყავს ნანახი, ექსპერტიც კი არის ამ საკითხში, – გვიყვება კენტარო.

იაპონელი ბებო კესაი-სანი მართლაც ექსპერტი ყოფილა. ზუსტად 10 წლის წინ, მაისის ბაშოზე გამოჩნდა ტოჩინოშინი მაკუუჩი დივიზიონში. როგორც ჩანს, კესაი-სანმა „კოჭებში“ შეატყო მომავალი.

სტუმრად მყოფი იაპონელების გაკვირვებას იწვევს ის, რომ საქართველოში ყოფნისას, ტოჩინოშინის ბანერები არსად ხვდება.

– საქართველოში სუმო არაპოპულარული სპორტია და კიდევ უფრო გვიკვირს ტოჩინოშინის წარმატება. მისი ფოტოებითა და ბანერებით მთელი იაპონია აჭრელებულია, აქ კი მხოლოდ ერთეულებმა იციან მისი სახელი. სხვათა შორის, გაგვიმართლა და სასტუმროს მეპატრონემ იცის სუმო, ტოჩინოშინი... თუმცა, ეს პოპულარობა არ არის.

კინტერო-სანი და მიკა-სანი გულდაწყვეტილნი დარჩნენ, რომ დღეს ტოჩინოშინის ჭიდაობა ვერ იხილეს. თუმცა, შედეგი არ სწყენიათ. ისინი ბაშოს ბოლომდე აპირებენ საქართველოში დარჩენას და იმედოვნებენ, რომ ქართველ ქომაგებთან ერთად გაიხარებენ. უკვე დაგეგმეს ხვალინდელი დღეც, რათა ტოჩინოშინის გამარჯვებას ერთად უქომაგონ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები